ვებ ბანერების როლი ციფრულ მარკეტინგში
ვებ ბანერები პირველად 1993 წელს გლობალ ნეთვორქ ნავიგატორმა წარადგინა. იმ დროისთვის რთულად წარმოსადგენი იყო, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო ვებ ბანერებს სარეკლამო ინდუსტრიაში, თუმცა დღეს ის რეკლამის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქცა. ამის მიზეზი მისი რამდენიმე ძირითადი უპირატესობაა:
· მრავალფეროვნება
ბანერის ვიზუალურ მხარეს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ადამიანების მხედველობითი აღქმა დიდწილად განაპირობებს იმას, თუ რამდენად მიმზიდველი შეიძლება გახდეს ბრენდი მათთვის. ვებ ბანერების შემთხვევაში სტატიკური ფოტოები ლიმიტი არ არის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ანიმაცია, სლაიდ-შოუ, აუდიო ეფექტი და ა.შ. რაც რეკლამას გაცილებით უფრო ეფექტურს და თვალისმომჭრელს ხდის.
· მაღალი წვდომა
იმის ცოდნით, თუ ვინაა თქვენი სამიზნე აუდიტორია, შეგიძლიათ სწორად განსაზღვროთ ვებ–გვერდი, რომელზეც თქვენს სარეკლამო ბანერს განათავსებთ. ამით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, ზუსტად იმ სეგმენტს მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, ვისაც ეს სჭირდება.
· ოპერატიულობა
რეკლამის ჩაშვებისთანავე თქვენ შეიძლება რეალური ქმედება მიიღოთ პასუხად. ეს შეიძლება იყოს ცნობადობის თუ რეპუტაციის გაზრდა, ვიზიტი თქვენს ვებ–გვერდზე, თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენა და თქვენი ბრენდისადმი ლოალობის შექმნა.
· ნაკლები დანახარჯი
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილის მიღწევა მაქსიმალურად ეკონმიურ ფასადაა შესაძლებელი, სხვა ტრადიციულ რეკლამასთან შედარებით.
· სტატისტიკური ანალიზი
ონლაინ სივრცეში სირთულეს არ წარმოადგენს იმის ანალიზი, თუ რამდენმა ადამიანმა ნახა შენი რეკლამა, რამდენმა განახორციელა რეალური ქმედება და შესაბამისად რამდენად მიაღწია მან დასახულ მიზანს.
ვებ ბანერის ეფექტურობისთვის აუცილებელია სწორად იყოს შერჩეული ადგილი და ტიპი. სტატისტიკის მიხედვით სტატიკურ რეკლამებს აქვს უფრო მაღალი CTR, რადგან ამ სახის ბანერები არ „ყვირის“ და ნაკლებია საზოგადოების გაღიზიანების რისკი. ბანერების „შეუმჩნევლობა“ ამავე დროს პოტენციურ მომხმარებელს უქმნის ილუზიას, რომ მხოლოდ მისი არჩევანია ამ პროდუქტის შერჩევა. ეს „ხრიკი“ გამოიყენება ძირითადად მაშინ, როდესაც სამიზნე აუდიტორია ზუსტად არ არის განსაზღვრული.
აქედან გამომდინარე, ვებ ბანერის ტიპის და ადგილის შერჩევისას, აუცილებელია განისაზღვროს მიზნები, ის მესიჯი, რომლის მიწოდებაც გვინდა აუდიტორიისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი პრეზენტაცია, რადგან სწორად შერჩეულ ვებ ბანერებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის წარმატებით განვითარებისთვის.